გამარჯობა, დღეს რამდენიმე სოფელში ვიყავი, რათა ადგილზე მენახა ის ოჯახები, რომელთა შესახებაც გუშინ მიამბეს. მოვინახულე სხვადასხვა ოჯახი. ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწია ითხვისის ცოდნის ცენტრმა და სწორედ ამ სოფელში ვნახე ისეთი ოჯახები, რომლებიც მართლაც დიდ გაჭირვებაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ასეთია ჭიღლაძეების ოჯახი სოფ. ითხვისში. ისინი თითქმის საშინელ პირობებში ცხოვრობენ - სახლიც კი ძველი და თან ფიცრულია, რომელიც წვიმისა და თოვლისაგან უკვე თითქმის გაფუჭებულია. ოჯახში არის 3 არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სკოლაში დადიან და მშობლებს იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ მათ საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდონ (დღეს პირადად რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი). ასევე, ოჯახში არის ორი პენსიონერი, რომლებიც პენსიის დიდ ნაწილს წამლებში ხარჯავენ. ოჯახის უფროსი - მამა, უმუშევარია. მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ მან არა ერთხელ სცადა სამუშაოს მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. სახლში ანტისანიტარიაა, თითქმის ყველაფერი ერთად აქვთ, საკმარისი ფართიც კი არ არის. ამ ოჯახის დახმარება, თუნდაც უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთებითაც კი, ალბათ დიდი სიკეთე იქნება.
გიორგი გოცაძე, ჭიათურის რაიონი






No comments:
Post a Comment