გამარჯობა, მეგობრებო.
დღეს კიდევ ერთ ოჯახში ვიყავი, რომელიც, დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად გაჭირვებულია. ეს არის ზურაბ გამეზარდაშვილის ოჯახი, რომელიც დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახში ოთხი წევრია - დედ-მამა და ორი პატარა ბავშვი - ლუკა და რომანი. მათი ყოფა ძალიან რთულია. სახლი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ ვიტყვი, რომ სახლია, ძალიან პატარაა და თანაც, საერთოდ არ არის კეთილმოწყობილი. სახლს ფანჯრები თითქმის არ აქვს. თუკი აქვს, მათზე ცელოფანია გაკრული ან პატარა მინებითაა შეკოწიწებული. ჰიგიენა და სანიტარია საკმაოდ ჭირს. ყველაფერი ერთადაა - საძინებელიც და ადგილიც, სადაც სადილს ამზადებენ, ყველაფერი ერთმანეთზე აწყვია.
ოჯახში პატარები რთულ პირობებში არიან. უფროსი ბიჭი ლუკა ჯერ ორი წლისაა (24 დეკემბერს ხდება 3 წლის). მას სიარული არ შეუძლია, ფეხებს ვერ იმორჩილებს და, შესაბამისად, ვერც დადის. ოჯახს ლუკა ექიმთან ჰყავდა მიყვანილი, მაგრამ ის წამლები, რაც ბავშვს გამოუწერეს, ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ იყიდეს და ლუკაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მოძრაობას. მეორე პატარა კი ჯერ მხოლოდ 2 თვისაა.
ოჯახის საარსებო წყაროს მხოლოდ სოციალური დახმარება (204 ლარი) წარმოადგენს. ოჯახს, რომელსაც ორი პატარა შვილი ჰყავს, ეს თანხა ნამდვილად არ ჰყოფნის იმისათვის, რომ მინიმალური პირობები შეუქმნას ბავშვს, რათა ის ჯანმრთელი და კონკურენტუნარიანი გაიზარდოს.
დარწმუნებული ვარ, ამ ოჯახის დახმარება და გვერდში დგომა დიდი მადლი იქნება.
გიორგი გოცაძე, ჭიათურის რაიონი










No comments:
Post a Comment